ოკუპირებული აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრებს, ფეხბურთის დამოუკიდებელ ასოციაციათა კონფედერაციამ, არაღიარებული ქვეყნების ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი უთხრა. ამის შესახებ აფხაზ ჟურნალისტებს ოკუპირებული აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეს-მდივანმა მადინა ბგანბამ განუცხადა.
,,აფხაზეთის ნაკრებს უნგრეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი ConIFA-მ (ფეხბურთის დამოუკიდებელ ასოციაციათა კონფედერაციამ) შემოუთვალა. უარის წერილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ჯემალ გუბაზის სახელზე უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციიდან მოვიდა. კონფედერაციამ ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არაერთი ჩარევის შედეგად მიიღო.” - აღნიშნა ბგანბამ.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, აფხაზეთის გარდა, ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი ოკუპირებულის სამხრეთ ოსეთის და ჩრდილოეთ კვიპროსის გუნდებმაც მიიღეს.
,,ყველაფერი, რაც დღეს მსოფლიოში ფეხბურთის გარშემო ხდება, პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და სპორტთან, განსაკუთრებით ფეხბურთთან არაფერი აქვს საერთო.” - აცხადებს ფეხბურთის ექსპერტი ვიანორ ტუჟბა.
ConIFA-ს (ფეხბურთის დამოუკიდებელ ასოციაციათა კონფედერაცია) მიერ ორგანიზებული ჩემპიონატი უნგრეთის ქალაქ დებრეცენში 2015 წლის 17-21 ივნისს გაიმართება. მასში აფხაზეთის ჩათვლით, მონაწილეობა 8 საფეხბურთო ნაკრებს უნდა მიეღო.
ConIFA 2013 წელს დაარსდა და ის FIFA-ს არაწევრი ქვეყნებიდან სხვადსხვა ავტონომიის და არაღიარებული ქვეყნების 25 საფეხბურთო ნაკრებს აერთიანებს.