საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მორაგბეებს მთავრობის მხრიდან სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა. მთავრობის მეთაური დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩინაშვილთან ერთად ბაზა "შევარდენზე" იმყოფებოდა.
"მინდოდა პირადად მენახა ჩვენი ვაჟკაცი რაგბისტები, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის სიამაყე. მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს და მითუმეტეს, როგორც მთავრობის მეთაურს, გული სიამაყით მევსება, ვინაიდან ვუყურებ ამ ძალიან მაგარი ბიჭების წარმატებას. სწორედაც მათი დამსახურებაა, რომ რაგბი ვითარდება. რა თქმა უნდა, გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის წინ ბატონმა ბიძინამ დაიწყო რაგბის უპრეცედენტო დახმარების პროგრამა და უკვე ათამდე ბაზა არის გაკეთებული. ეს ერთ-ერთია მათ შორის. ასევე, სახელმწიფოსგან აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა ჩვენს სპორტსმენებს. ის ფაქტი, რომ 18 წლამდე ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ვიცე ჩემპიონი გახდა და ასევე 20 წლამდე ნაკლები 2016 წელს მსოფლიო ჩემპიონატში იასპარეზებს, უკვე ყველაფრის მთქმელია”, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ 2017 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის საქართველოში ტარდება და იგი დარწმუნებულია, რომ ჩემპიონის ტიტულს სწორედ მასპინძელი ქვეყანა მოიპოვებს.
"მინდა სრული მხარდაჭერა აღვუთქვა. დავპირდე ჩვენს სპორტსმენებს, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ბიჭებმა მიაღწიონ ასევე მაქსიმუმს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.