სპორტსმენის პირადი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრის წესებთან დაკავშირებით, საქართველო-ბელორუსს შორის ხელშეკრულების საკითხი, დღეს პარლამენტის სპორტის კომიტეტმა განიხილა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
იმ შემთხვევაში, როდესაც სპორტსმენის მიერ განხორციელებული პირადი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ერიცხება სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება სპორტსმენის საქმიანობა.
ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი სპორტსმენების მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი თავისუფლდება გადასახადისაგან ამ მეორე სახელმწიფოში. თუ ეს ღონისძიება გათვალისწინებულია ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მთავრობებს შორის გაფორმებული კულტურული პროგრამის ფარგლებში.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა ,,საქართველოს მთავრობასა და ბელორუსის რეპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების პარლამენტის სხდომაზე სარატიფიკაციოდ გატანას.