ექსპერტები ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ბლატერის დიდი უპირატესობით გამარჯვებას ვარაუდობენ.
ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის გარშემო, მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარე გახმაურებული მოვლენების და მისი პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის მიმართ, გამოთქმული არაერთი პროტესტის მიუხედავად, ის ბრძოლისთვის თავის დანებებას არ აპირებს და მორიგი ვადით პრეზიდენტად არჩევისთვის იბრძვის.
უფრო მეტიც, მან დღეს ფიფა-ს დელეგატთა ყრილობაზე, ციურიხში, ყველას გაერთიანებისკენ მოუწოდა.
,,მე მოგიწოდებთ ყველას ერთიანობისა და ერთსულოვნებისკენ, რათა ვიაროთ წინ. ჩვენ არ შეიძლება დავუშვათ, რომ ფეხბურთის რეპუტაცია შეილახოს.” - მიმართა მან შეკრებილ დელეგატებს.
ბლატერს, გადადგომის მოთხოვნით, გუშინ უკვე მიმართა უეფა-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ. ასევე, ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის გარშემო ატეხილ სკანდალთან დაკავშირებით, თავისი აზრი გამოთქვა, ბერლინში ვიზიტით მყოფმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ ქემერონმა. მან განაცხადა, რომ ბლატერი უნდა წავიდეს.
"არ შეიძლება ორგანიზაციის მიმართ არსებობდეს ამ დონის ბრალდებები კორუფციაში, და პრეტენზია გქონდეს, რომ ადამიანი, რომელიც მართავს ორგანიზაციას, არის შესაფერისი. ცხადია, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს იყო ლამაზი თამაშის საშინელი მხარე, ამიტომაც ის უნდა წავიდეს და ეს რაც უფრო სწრაფად მოხდება, მით უკეთესი", - აღნიშნა დევიდ ქემერონმა.
ყოველივე ამის მიუხედავად, ექსპერტები და ბუკმეკერები მიიჩნევენ, რომ ახალ არჩევნებში ბლატერი თავის ოპონენტს, იორდანიის პრინც ალი ბინ ალ-ჰუსეინს აუცილებლად დაამარცხებს და პოსტს უკვე მეხუთედ შეინარჩუნებს.
გამარჯვებისთვის მას, პირველივე რაუნდზე, დელეგატების 2/3 ხმა სჭირდება.
თუ ფიფა-ს საპრეზიდენტო კანდიდატებიდან 140 ხმას ვერც ერთი ვერ მოიპოვებს, მეორე ტურში გასულებს გამარჯვებისთვის მხოლოდ ხმათა უმრავლესობის მიღება დასჭირდებათ.
იოზეფ ბლატერი, რომელიც ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციას 17 წელია ხელმძღვანელობს, აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნების დელეგაციებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.
ნიგერიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ამაჯუ პინიკმა ციურიხში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ბლატერის გამარჯვებაში 100 %-ით არის დარწმუნებული.
,,ჩვენ ყველაფერი გავთვალეთ. აფრიკას სულ 54 ხმა აქვს. აქედან, შეიძლება ერთი-ორმა სხვა აირჩიოს, მაგრამ საბოლოოდ, ბლატერი ჩვენგან მინიმუმ 50 ხმას მიიღებს. ჩვენ ვიცით ჩვენი აზიელი და ლათინო ამერიკელი მეგობრების აზრიც და გარწმუნებთ, ის აუცილებლად, დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.” - განაცხადა ამაჯუ პინიკმა.
ცნობილია, რომ ფიფა-ს პრეზიდენტის პოსტზე იორდანიის პრინცის კანდიდატურას ევროპის ქვეყნები უჭერენ მხარს.