იდენტიფიკაციის შედეგად, 1993 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს, სოფელ შრომასთან, ახბიუკის მთაზე თვითმფირნავის ჩამოგდების შედეგად დაღუპული 14 აფხაზი მეომრის ვინაობის დადგენა მოხერხდა.
ამის შესახებ აფხაზ ჟურნალისტებს ოკუპირებული აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტთან არსებული უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისიის თავმჯდომარემ რომან ადლეიბამ განუცხადა.
კომისიამ ამოცნობილი პირების ნათესავებს და ოჯახის წევრებს იდენტიფიკაციის ამსახველი დოკუმენტები გადასცა და
მათ დაღუპულთა ნეშტების დაკრძალვის თარიღისა და ადგილის განსაზღვრა სთხოვა.
რომან ადლეიბას განმარტებით, 1992-93 წლების ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ აფხაზთაგან ამ დროისთვის 36 პირის იდენტიფიკაცია განხორციელდა.
,,მუშაობა გრძელდება და ჩვენ მანამდე არ გავჩერდებით, ვიდრე ყველა ჩვენი უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრის ნეშტს არ ვიპოვით.” - აღნიშნა ადლეიბამ.
შეგახსენებთ, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის თაოსნობით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე საკოორდინაციო მექანიზმი 2010 წლის დეკემბერს შეიქმნა და დღემდე, ამ მექანიზმის ფარგლებში, რამდენიმე ქართველი და აფხაზი დაღუპული ადამიანის იდენტიფიცირება და ვინაობის დადგენა მოხდა.
საიდენტიფიკაციო ექსპერტიზა ზაგრების ლაბორატორიაში ტარდება.