აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ავღანეთში დამატებითი სამხედრო კონტიგენტის გაგზავნის გადაწყვეტილების მიღებისას არ იჩქარებს. განცხადება ამის შესახებ ბარაკ ობამამ ფლორიდაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზის მონახულებისას გააკეთა.
"მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს მიყოყმანია, როდესაც საქმე ამერიკელი ხალხის სიცოცხლის დაცვას ეხებოდა, ავღანეთის მიმართულებით ჩემ მიერ მომავალში გადასადგმელ ნაბიჯთან დაკავშირებით შემიძლია დაგპირდეთ, რომ არასოდეს მივიღებ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას იმ საკითხის შესახებ, რომელიც სამხედროების გაგზავნას ეხება. არ გავრისკავ თქვენი სიცოცხლეებით, უკიდურესი აუცილებლობის გარდა", _ განაცხადა ობამამ.
მისი თქმით, ამერიკელ სამხედროებს სჭირდებათ მკაფიო მიზანი, დამუშავებული სტრატეგია და ყველა აუცილებელი მოწყობილობა იმისთვის, რომ მათ დაკისრებული საპასუხისმგებლო ამოცანების შესრულება შეძლონ.
აღსანიშავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტისაგან უკვე ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ელიან გადაწყვეტილებას, რომელიც ავღანეთში აშშ-ის დამატებითი სამხედრო კონტიგენტის გაგზავნას ეხება. ამის აუცილებლობაზე არაერთგზის საუბრობდა ადგილზე მყოფი ჯარების სარდალი. გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელს მაიკლ მულენს არაერთგზის აღუნიშნავს კონგრესის წინ თავის სიტყვით გამოსვლაში, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ავღანეთში დამატებითი სამხედრო კონტიგენტის გაგზავნა გახდეს საჭირო. მულენი აცხადებდა, რომ ეს იქ სიტუაციის სტაბილიზებისთვის არის აუცილებელი, სადაც აქტიურად მოქმედებს მოძრაობა "თალიბანი".
მულენის შეშფოთებას სრულად იზიარებს ავღანეთში ნატოს გაერთიანებული კონტიგენტის სარდალი გენერალი სტელინ მაკ-კრისტალი. ხოლო პენტაგონის ხელმძღვანელის ღობერტ გეიტსის აზრით, რეგიონში არსებული სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ დაუყოვნებლივ ჩარევასა და "გადაუდებელი ზომების მიღებას" საჭიროებს.
ამავე დროს საგარეო პოლიტიკის საკითხებში სენატის კომიტეტის წევრი ჯონ კერი, რომელიც ავრანეთიდან ახალი დაბრუნებულია, მხარს უჭერს სახელმწიფოს მეთაურს და აცხადებს, რომ თხოვნა ავღანეთში დამატებითი სამხედრო კონტიგენტის გადაგზავნის შესახებ კარგად შესასწავლია. კერი ასევე აცხადებს, რომ "შეცდომების ფასი" იქ ძალიან დიდია.
აღსანიშნავია, რომ ავღნეთის ახალი მთავრობის ფორმირება უნდა მოხდეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, ან ქვეყნის ამჟაიმინდელი მეთეურის ჰამიდ ყარზაისა და მისი მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგის აბდულა აბდულას შეთანხმების საფუძველზე. ასეთი პოზიცია გაახმოვანა თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელმა რამ ემანუელმა.
მისი თქმით, ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ამჟამად ავღანეთში პროცესების შედგომი განვითარებისთვის არსებობს ორი გზა. ერთი მათგანია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ხმების უმრავლესობის მქონე ორ კანდიდატს შორის და მეორე გზა კი ამ კანდიდატებს შორის მოლაპარაკება და შეთანხმებაა. ნებისმიერ შემთხვევაში, ემანუელი მიიჩნევს, რომ საბოლოო შედეგი უნდა გახდეს "ავღანეთის მოსახლეობისთვის ლეგიტიმური და ნდობის მქონე მთავრობა".
თეთრი სახლს აპარატის უფროსმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ არ აპირებს, უკარნახოს ავღანელებს, არსებულ ვითარებაში რომელი გზა აირჩიონ.
"პროცესს თავად ავღანელი ხალხი განსაზღვრავს. გადაწყვეტილება, თუ როგორი მთავრობა სურთ მათ და როგორ უნდა მივიდნენ ამ გზამდე, ავღანელების მისაღები იქნება", - განაცხადა რამ ემანუელმა და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ავღანეთში აშშ-ის ჯარების რიცხოვნობის გაზრდის გადაწყვეტილებას იმ დრომდე არ მიიღებს, ვიდრე ქაბულში კანონიერი ხელისუფლება არ მოვა ქვეყნის სათავეში, რომელიც ვაშინგტონთან ეფექტურად ითანამშრომლებს.
"საკითხი მდგომარობს არა იმაში, თუ დამატებით რამდენი ჯარისკაცი უნდა გაიგზავნოს, არამედ _ არის თუ არა ნდობის დამსახურების მქონე ავღანელი პარტნიორი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, უზრუნველყოს მოსახლეობის უსაფრთხოება", - განაცხადა თეთრი სახლს აპარატის უფროსმა.
მისი თქმით, თეთრი სახლის სტრატეგიის გადახედვა ავღანეთთან მიმართებაში კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება და უწყებათაშორისი შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის ადმინისტრაციის ყველა ხელმძღვანელი პირის მონაწილეობით სავარაუდოდ მომდევნო კვირების განმავლობაში გაიმართება. ემანუელმა, ფაქტობრივად, დაადანაშაულა ბუშის ადმინისტრაცია იმაში, რომ იგი ავღანეთის პრობლემის იგნორირებას ახდენდა და არ ეძებდა მისი გადაწყვეტის ეფექტურ საშუალებებს.
"ნათელია, რომ ომის დაწყებიდან 8 წლის შემდეგ პრაქტიკულად ყველაფერი თავიდან იწყება. გასულ პერიოდში ყველაფერი უკავშირდებოდა მხოლოდ ერაყს, იმის მიუხედავად, რომ სწორედ ავღანეთსა და პაკისტანშია ბაზირებული "ალ-ქაიდას" დაჯგუფება", - განაცხადა ემანუელმა.