ბოლო დროს კომპანია "ვისოლის" მიერ ბაზარზე წამოწყებული აგრესიული სარეკლამო კამპანიისა და სხვადასხვა ღონისძიებაზე "გულშემატკივართა" რაოდენობის ზრდის ნაცვლად, კომპანიის მიმართ ცალკეული საყვედურები გაისმის. საქმე ეხება როგორც საწვავის ხარისხს, ასევე რეალიზაციას.
სათუოა, რომ "ვისოლის" იტალიელი პარტნიორებისთვის საწვავის ხარისხის შესახებ გამოთქმულ საყვედურებზე რამე იყოს ცნობილი, თუმცა ფაქტია, რომ თბილისელი მძღოლების საკმაო ნაწილი კომპანიის მიერ რეალიზებულ საწვავზე უკმაყოფლილებას გამოთქვამს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ტაქსის მძღოლმა არტურ აკოფიანმა განუცხადა, კომპანიის საწვავი ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაუარსედა.
"დიდი ხანია "ვისოლის" საწვავს ვხმარობ, მაგრამ ბოლო პერიოდში ხარისხი გაუარსედა. "კალონკებზე" ამბობენ, რომ ცუდი პარტიია შემოსული და მალე უკეთესი გვექნებაო, თუმცა მანქანას ამის გამო არაერთხელ შეექმნა პრობლემა. მერე ბიჭებმა ვთქვით, სხვაგან ჩავასხათო და ასეც ვიქცევით. თან "ვისოლში" იმიტომ ვასხამდით, რომ ზოგჯერ ტალონებს ვყიდულობდით იაფად და ცოტა სარგებელს ვნახულობდით. ბოლოს კი პირიქით გამოვიდა - რაოდენობაშიც იტყუებიან და მანქანასაც ვაფუჭებთ. ახლა სხვაგან ვასხმათ ბენზინს", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" აკოფიანმა.
აკოფიანმა დააზუსტა, რომ ვისოლისა და სხვა კომპანიის ერთი და იმავე მარკისა და რაოდენობის საწვავი სხვადასხვა მანძილზე ჰყოფნით.
"იმას რომ თავი დავანებოთ, "ვისოლის" ბანზინის ჩასხმის მერე მანქანა რა დღეში ვარდება და ხელოსნებთან რამდენი ფულის გადახდა გვიწევს, ამათთან ჩასხმულ და სხვა კალონკების (კომპანიების. რედ.) ერთი და იმავე მარკის ბენზინი სხვადასხვა მანძილზე გვყოფნის. გამოდის, რომ ლიტრაჟშიც გვატყუებენ", - განაცხადა აკოფიანმა.
"ჯი-ეიჩ-ენი" შეეცადა სხვა მძოლების აზრიც გაეგო და მეტწილად საწვავის ხარისხსა და რაოდენობაზე მათი მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვა.
"ჯი-ეიჩ-ენს" დედაქალაქში "ვისოლის" ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე დაუდასტურეს, რომ ბოლო დროს მძოლები საწვავის ხარისხთან დაკავშირებით მართლაც გამოთქვამენ საყვედურს, თუმცა ოფიციალური კომენტარი არ ისურვეს _ "ახლა სამსახურს ნუ დაგვაკარგინებ" _ მოტივით.
"ჯი-ეიჩ-ენი" საკითხში გარკვევისთვის კომპანია "ვისოლს" დაუკავშირდა. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა რუსუდან კბილაშვილმა აღნიშნულ საკითხებზე წერილობით გვიპასუხა. წერილში, ძირითადად, საუბარია კორპორატიული კლიენტების უპირატესობასა და კომპანიის საერთაშორისო დონის სერთიფიკატებზე, რაც, ცხადია, უხარსიხო ბეზნინის გაყიდვის ან ლიტრაჟის სიზუსტეზე "პასუხისმგებელი" ვერ იქნება.
"კომპანია "ვისოლისთვის" თითოეული მომხმარებლის აზრი უაღრესად მნიშვნელოვანია, ამიტომაც ჩვენ შევქმენით უფასო ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მოგვმართოს ნებისმიერი შეკითხვით. კომპანიის შესაბამისი დეპარტამენტი ოპერატიულად ახდენს რეაგირებას შემოსულ საკითხზე", _ ნათქვამია კომპანიის მიერ გამოგზავნილ წერილობით კომენტარში.
როგორც კომპანიის წერილშია ნათქვამი, "ვისოლი" ოპერატიულად ახდენს რეაგირებას. "ჯი-ეიჩ-ენი" განაგრძობას ამ თემაზე მუშაობას და ასეთი რეაგირებისა და მისი შედეგების შესახებ ოპერატიულად გაცნობებთ.