აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მიგრაციულ პოლიტიკას თათბირი მიუძღვნა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, ბაღაფშმა თათბირზე განაცხადა, რომ ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოება პირდაპირ არის დამოკიდებული საიმიგრაციო პროცესებთან. ამიტომაც აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი თათბირზე გამოვიდა ინიციატივით, აფხაზეთიდან გამავალი და შემომავალი ადამიანების აღრიცხვის შესახებ.
"აუცილებელია აფხაზეთში შემომავალი და აფხაზეთიდან გამავალი ადამიანების აღრიცხვა. აფხაზეთში სულ უფრო და უფრო მეტი ხალხი შემოდის. აფხაზეთში მიმდინარე სამშენებლო პროცესთან დაკავშირებით აქ ბევრი დღიური მუშა შემოდის. უნდა ვიცოდეთ, რა მიზნით ჩამოდიან ისინი ჩვენთან და რის გაკეთებას აპირებენ. ჯერჯერობით ყველაფერს ამას სტიქიური ხასიათი აქვს", _ განაცხადა ბაღაფშმა და დასძინა, რომ აფხაზეთში საიმიგრაციო პროცესებზე კონტროლი უნდა დამყარდეს.
ბაღაფშმა საიმიგრაციო სამსახურს ე. წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან და ე. წ. შს სამინისტროსთან მჭიდრო კავშირში ყოფნა დაავალა.