მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე დარწმუნებულია, რომ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი-2015“-სთვის ყველა ობიექტის მშენებლობა და რემონტი მოესწრება.
როგორც მან თბილისის საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მოესწრება ასევე ხელბურთის ახალი მოედნის მშენებლობაც, თუმცა, თავის დაზღვევის მიზნით, ალტერნატიული მოედნების მოძიებაც მიმდინარეობს.
,,შეხვედრაზე ბევრი კითხვა დაისვა ოლიმპიადის ფარგლებში მშენებარე ობიექტებთან დაკავშირებით. მე, როგორც საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელმა, ჩემს ნაწილში ყველა კითხვას ვუპასუხე. თუ რაიმე კითხვას პასუხი ვერ გაეცა, მზად ვარ, ასეთ ფორმატში ისევ გავმართო შეხვედრა. რაც შეეხება ხელბურთის გამართვას, თუ სად მოხდება და როგორ, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციებს ოლიმპიურ კომიტეტთან გავდივართ და არანაირი პრობლემა არ არსებობს. მოესწრება ოლიმპიადისთვის, თუმცა, ალტერნატიულ მოედანზეც ვფიქრობთ, რადგან ძალიან მასშტაბური ღონისძიებაა და თავისდაზღვევა გვიწევს“, - განაცხადა არეშიძემ.
ხელბურთის მოედანი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენდეს და მისი მშენებლობისთვის 17 მილიონი დოლარია გამოყოფილი.