შს-ს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას თქმით, სუს-ის ხელმძღვანელი ორმაგად ანგარიშვალდებული და პასუხისმგებლიანი ხდება. ეს განცხადება გაჟღერდა გადაცემა „20 30“-ის პირდაპირ ეთერში შსს-დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით.
„სუს-ის ხელმძღვანელი დღეს ორმაგად და, შეიძლება ითქვას, უფრო სამმამაგადაც ანგარიშვალდებული და პასუხისმგებლიანი ხდება: პირველი - მისი დანიშვნის წესში, და მეორე - უშუალოდ ამ ანგარიშვალდებულების სისტემაში. დანიშვნაში ხელისუფლების სხვა და სხვა შტოები იქნებიან თანამონაწილენი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მთავრობას პრემიერ-მინისტრი წარუდგენს, შემდეგ მის კანდიდატურას მთავრობა წარუდგენს პარლამენტს და პარლამენტი მას აირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. რაც, მერწმუნეთ, - ძალიან მაღალი ლეგიტიმაციაა. შემდეგ, რაც შეეხება ანგარიშვალდებულების სისტემას: ის იქნება როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული. კონკრეტულად კი, წელიწადში ერთხელ მოხსენებით წარსდგება პარლამენტის წინაშე. ეს კანონით სავალდებულო იქნება“, - განაცხადა იზორიამ და აღნიშნა, რომ კითხვები, რომელიც შეეხება მათ შორის ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს იქნება საჯარო განხილვის, დისკუსისს და კრიტიკის საგანი.
გადაცემის მსვლელობისას შს-ს მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სუს-ის ხელმძღვანელი 6 წლის ვადით დაინიშნება, რაც გამორიცხავს იმას, რომ ეს სამსახური გახდეს „პოლიტიკური კინკლაობის და პოლიტიკური დარტყმის ობიექტი“.
ასევე ლევან იზორიამ წუხილი გამოთქვა, რომ „გასული წლების მთელი უბედურება იყო ის, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ამ უწყებას, სადაც იყო ძალაუფლება კონცენტრირებული, არ გააჩნდა გარე კონტროლის მნიშვნელოვანი მექანიზმები“.