ჩრდილოეთ ოსეთში მაცხოვრებელმა 500 მდე ოჯახმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლის სურვილი გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ ოსური სააგენტო "ოსინფორმი" ჩრდილოეთ ოსეთის ნაციონალობის საქმეთა მინისტრზე ტაიმურაზ კოზაევზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოსური მხარის ინფორმაციით, მომავალ კვირას ვლადიკავკაზიდან ცხინვალში სპეციალურად ამ საკითხის შესასწავლად დელეგაცია ჩავა, რომელიც "ჩრდილო ოსეთიდან ამ რაოდენობის ოჯახების სამხრეთ ოსეთში ჩასახლების საკითხს შეისწავლის". აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას, ხაზგასმით აღნიშნულია ისიც, რომ თავის დროზე ეს ოჯახები ე.წ. სამხრეთ ოსეთში და საქართველოს შიდა რაიონებში ცხოვრობდნენ და პირველი ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს ვლადიკავკაზში გადასახლდნენ.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ისინი მზად არიან მიიღონ ეს ოჯახები ჩრდილოეთ ოსეთიდან და მათ ცხოვრებისათვის საჭირო პირობები შეუქმნან. მიუხედავად ამისა, ამ გადასახლების შესაძლებლობას სკეპტიკურად უყურებს ტაიმურაზ კოზაევი.
"ჩემთვის ეს საკმაოდ მოჩვენებითი გეგმაა, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება მზადაა მიიღოს ეს ადამიანები. იქ ჯერ კიდევ 2008 წელს დაზარალებულების საცხოვრებელი პრობლემები არ გადაწყვეტილა. ამიტომაც 500 ოჯახის მიღება პრობლემატური იქნება", _ აცხადებს ტაიმურაზ კოზაევი.