საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მართლაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა და მის ირგვლივ მხოლოდ ჭორებია აგორებული. ივანიშვილის თქმით, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი მისთვის ყველაზე სიმპათიური მინისტრი იყო.
,,პრემიერი გამოდის და აცხადებს, რომ შავლიაშვილმა 107%-ით შეასრულა გეგმა და წარმატებული მინისტრი იყო. გარდა ჭორებისა, რაც შავლიაშვილის ირგვლივაა, სხვა არაფერი არ არის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ შავლიაშვილის შემცვლელი ნოდარ ჯავახიშვილი "ქართული ოცნებიდან" გამორჩეული ადამიანია თავისი პრინციპულობით.
სამთავრობო ცვლილებებში ივანიშვილი უჩვეულოს არაფერს ხედავს.
,,ეს ჩვეულებრივი მუშა პროცესია. ძალიან კარგი განცხადებები გაკეთდა, კითხვები არ ისმის, მაგრამ ოპოზიციის ნაწილი ამას სხვა კუთხით განიხილავს", - აღნიშნა ჟურნალისტებთან ივანიშვილმა "მოქალაქის" და "2030"-ის მიერ ორგანიზებული ეკონომიკური კონფერენციის დაწყებამდე.