რუსეთ-საქართველოს საკითხზე მომდევნო რეზოლუციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სტრასბურგში 26 აპრილს განიხილავს.
ამის შესახებ "რეგნუმი" საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილეზე, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ ლეონიდ სლუცკიზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც სლუცკიმ ასამბლეის მომხსენებელთან დევიდ უილშირთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ქართულ-რუსული საკითხის თაობაზე ახალი ანგარიში მიკერძოებული არ იქნება, თუმცა, არ ელის, რომ რეზოლუციას პრორუსული ხასიათი ექნება.
ამასთან, რუსმა დეპუტატმა ქართულ დელეგაციას კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ "საპარლამენტო ასამბლეაში დიდი ხანია, ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ქართველები კონტაქტზე არ მოდიან".
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს ომის საკითხებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არაერთი რეზოლუცია უკვე მიიღო, რომლებშიც მოსკოვისგან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების გაუქმება მოსთხოვა.
აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები - მათიას ეორში, დევიდ უილშირი, მონიტორინგის დეპარტამენტის აგნეჟკა ნაჩილო და მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში საბრინა ბუეშერი გასულ კვირაში თბილისში, სუხუმსა და გალის რაიონში იმყოფებოდნენ. დელეგაცია ცხინვალის რეგიონში ცხინვალის რეჟიმმა არ შეუშვა.