ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა დღეს საწარმოთა მართვის ახალი ხელმძღვანელი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი წარადგინა.
ხოჯევანიშვილი აღნიშნულ პოსტზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა, მანამდე იგი სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი იყო.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საწარმოთა მართვის სააგენტოს ირგვლივ ბოლო წლებში საკმაოდ ბევრი პრობლემა არსებობდა.
~გამომდინარე აქედან, ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი სტრატეგია შევიმუშაოთ, რათა სახელმწიფო საწარმოების მუშაობა უფრო ეფექტური გახდეს. სააგენტოს ახალი უფროსიც დაინიშნა~, - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
ხოჯევანიშვილის განცხადებით, ახალი სტრატეგია რამდენიმე კვირაში იქნება მზად, ამასთან, განხორციელდება რეფორმა, რომლის ფარგლებში საწარმოების გარკვეული ოდენობა ლიკვიდაციას დაექვემდებარება, ნაწილი გაკოტრების რეჟიმში გადავა, ნაწილი პრივატიზაციას დაექვემდებარება, ხოლო რამდენიმე არამომგებიანი საწარმო მოგებიანად უნდა გარდაიქმნას.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, სახელმწიფო საწარმოების მართვის სფეროში რეფორმების განხორციელების აუცილებლობა კონტროლის პალატის აუდიტის შედეგებმა აჩვენა, რომლის შედეგადაც სახელმწიფო კომანიებში საკმაოდ ბევრი დარღვევა აღმოჩნდა.
~ამასთან, აუცილებლობამ განაპირობა საწარმოთა მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად ახალი, უფრო შესაფერისი კადრის მოყვანა~, - აღნიშნავენ სამინისტროში.
ხოჯევანიშვილმა საწარმოთა მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე, ავთანდილ შერმადინი შეცვალა. შერმადინი სააგენტოს უფროსად ზურაბ პოლოლიკაშვილის მინისტრობის პერიოდში დაინიშნა.
სამინისტროს ინფორმაციით, შერმადინმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მისი წასვლა სწორედ კონტროლის პალატის აუდიტის შედეგებს უკავშირდება.
კონტოლის პალატის აუდიტმა სხვა დარღვევბთან ერთად გამოავლინა, რომ საწარმოთა მართვის სააგენტოს 500-მდე სახლმწიფო კომპანიაზე ინფორმაცია საერთოდ არ აქვს.