ოკუპირებული გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვალობა სოფლების, გაგიდისა და ოკვინორეს მოსახლეობასთან შესახვედრად ჩავიდა.
შეხვედრაზე გალის რაიონის ეკონომიკური განვითარების, ე. წ. ენგურის საზღვრის გადაკვეთის და ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქის პასპორტების გაცემის საკითხები განიხილეს
სოფელ გაგიდის გამგებელმა დათო ქარდავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 7 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა რაიონის ხელმძღვანელობა მათი სოფლის მოსახლეობას შეხვდა.
მან გალის რაიონში არსებულ რთულ კრიმინოგენულ ვითარებაზეც ილაპარაკა და ფულის გამოძალვის მიზნით ადამინის გატაცების ფაქტები გაიხსენა.
ქარდავას თქმით, ,,ხელისუფლებაში” ახალი ძალის მოსვლის შემდეგ რაიონში კრიმინალური საფრთხეები მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ სოციალური პრობლემები იგივე დარჩა.
,,განსაკუთრებით აღსანიშნავია გზების სავალალო მდგომარეობა და ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე საშინელ მდგომარეობაშია და სასწრაფო რემონტს საჭიროებს სოფლის გამგეობის და გაგიდის სკოლის შენობები.” - აღნიშნა დათო ქარდავამ.
გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია მოსახლეობას შეპირდა, რომ მათთან ღია დიალოგისთვის ნებისმიერ დროს მზად იქნება.
მისი თქმით, ხელმძღვანელობის მთავარი მიზანი, რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და მათი ცხოვრების დონის ამაღლებაა.
რაც ეეხება კრიმინალურ ვითარებას, შეკრებილებს ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გალის რაიონული განყოფილების უფროსმა გია ჩაჩხიანმა განუცხადა, რომ მათი სურვილია, გალის რაიონში ყველამ უსაფრთხოდ იცხოვროს და სამართალდამცავები ყველა ღონეს მიმართავენ, რათა მოსახლეობას მშვიდად ცხოვრების საშუალება ჰქონდეს.