ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული ექსპერტთა კომიტეტის უფროსი ირაკლი ხინთბა საქარველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო აფხაზეთთან ეკონომიკური და ჰუმანიტარული ხასიათის საკითხების განსახილველად მზად არის.
,,იმისათვის, რომ აფხაზეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე არსებითი დიალოგი შედგეს, საჭიროა ნდობის სათანადო დონისა და მოლაპარაკებებითვის ხელმისაწვდომი სივრცის ქონა.” - განაცხადა ხინთბამ.
მისი თქმით, პრობლემა ორივე პირობასთან დაკავშირებით არის, ვინაიდან ნდობის ფაქტორი მინიმალურზე დაბალია, როცა საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ არავითარი გარანტია არ არსებობს.
ამასთან, აფხაზი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებისთვის საჭირო სივრცის ფორმირების გზები, სადაც რაიმე საკითხზე დისკუსია ან შეთანხმება შეიძლება მოხდეს, ამჟამად ბუნდოვნად გამოიყურება.
,,ამ დროისთვის აფხაზეთ-საქართველოს კონტექსტში სჭარბობს ასეთი ლოგიკა, ,,თამაში ნულოვანი ანგარიშიდან” და პრაქტიკულად უგულვებელყოფილია ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთან დიალოგს უკავშირდება.”- აღნიშნა ახალგაზრდა აფხაზმა ექსპერტმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებების გამართვა შესაძლებელია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამხრეთ კავკასიის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედება, თუკი საქართველოს მხრიდან ამის პოლიტიკური ნება იქნება. ხინთბას განცხადებით, მომავალში დიალოგის გასამართად შეიძლება სხვა თემებიც გამოჩნდეს. მანამდე კი საჭიროა აუცილებელი პირობების შექმნა.