ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების აზრით, საქართველოს პოლიტიკა აფხაზეთთან მიმართებაში არ შეცვლილა და თბილისი ,,კვლავინდებურად” მოძველებული სტერეოტიპებით ხელმძღვანელობს.
,,თბილისის განრისხება თვალსაჩინოა. მინისტრის თურქეთში ვიზიტი არღვევს საქართველოს გეგმას, აფხაზეთი მაქსიმალურ იზოლაციაში მოაქციოს. აფხაზეთთან დაკავშირებით საქართველოს ოფიციალური პირების განცხადება ასახავს მათ ხედვას, როგორც მის გარშემო ეკლიანი მავთულხლართის გავლების სურვილს.” - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 10-15 თებერვალს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ხსენებული უწყების ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ჩირიკბას მეთაურობით, აფხაზური დელეგაცია საქმიანი ვიზიტი შედგა.
ქართულმა მხარემ ეს ფაქტი დაგმო და თურქეთს ოფიციალური საპროტესტო წერილი გაუგზავნა.
ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ჩირიკბას ვიზიტი თურქეთში, მათი საგარეო უწყების იმ გააზრებული სტრატეგიის შედეგ იყო, რომელიც მეზობელ ქვეყნებთან სამომავლო თანამშრომლობისკენ არის მიმართული.
,,აფხაზეთის რესპუბლიკა მომავალშიც თავად გადაწყვეტს, ვის და როდის შეხვდებიან აფხაზი თანამდებობის პირები.” - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა.