ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დედაქალაქში ახალი რაიონი ,,სევერნი” ექსპლუატაციაში საზეიმო ვითარებაში შევიდა.
ცერემონიას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, პარლამენტის წევრები და სხვა თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.
,,ჩვენ დღეს ვხსნით ახალ მიკრორაიონს, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებულია ოთხი 36 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსი. ეს არის 144 ბინა, სადაც ახალი მფლობელები შესახლდებიან.” - განაცხადა ცერემონიალზე ცხინვალის რეჟიმის მშენებლობის მინისტრმა ედუარდ ძაგოევმა.
ლეონიდ თიბილოვმა მადლობა გადაუხადა მიკრორაიონ ,,სევერნის” მშენებელ კომპანიებს და აღნიშნა, რომ უბინაოდ დარჩენილი მოქალაქეების დასაკმაყოფილებლად 2015 წლისთვის ხელისუფლებას დიდი გეგმები აქვს.
ცერემონიის დასასრულს ცხინვალის მერს ალანა ალბოროვას ახალი მიკრორაიონის სიმბოლური გასაღები გადაეცა.
სამშენებლო კომპანია ,,სტროიმონოლით”-ის გენერალურ დირექტორს, კოსტა ჯუსოევს კი თიბილოვის ბრძანებით ,,დამსახურებული მშენებლის” წოდება მიანიჭეს.