ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ბრიგადისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლები ,,აფხაზეთის საზღვრებს”დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებენ.
ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ოგნევი იტყობინება.
,,როგორც ნებისმიერი სხვა სამხედრო მოსამსახურე, წელიწადის ნებისმიერ დროს და დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, მესაზღვრე თავის მოვალეობას ასრულებს. რა თქმა უნდა, რეჟიმი არც სადღესასწაულო დღეებში ირღვევა.” - აღნიშნა ოგნევმა.
მისი თქმით, აფხაზ კოლეგებთან ერთად რუსი მესაზღვრეები აფხაზეთის ე. წ. ,,სახელმწიფო საზღვრებს” რუსეთთან და საქართველოსთან, კოდორის ხეობის ჩათვლით, 80 კილომეტრის მანძილზე აკონტროლებენ.
,,ერთობლივი სასაზღვრო ბრიგადები, თავიანთ კონტროლირებად ტერიტორიებზე სადაზვერვო-სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. უკანონო ქმედებებში ეჭვმიტანილი პირების გამოვლენას და დაკავებას მთიანი და ტყიანი ადგილდებარეობა მნიშვნელოვნად აფერხებს.” - აღნიშნა სერგეი ოგნევმა.
მისივე განმარტებით, სასაზღვრო სამსახურის პირადი შემადგენლობა ყველანაირი თანამედროვე ტექნიკით და იარაღით არის აღჭურვილი. მათ დაქვემდებარებაში არის ასევე კინოლოგიური სამსახური. ერთ-ერთ ქვედანაყოფს კი თავისი საჯინობოც აქვს და გადაადგილებისთვის ცხენებს იყენებენ, რაც შორ მანძილზე მესაზღვრეების სწრაფ გადაადგილებას უწყობს ხელს.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. სახელმწიფო საზღვრებს ადგილობრივ ,,მესაზღვრეებთან” ერთად რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ჯარისკაცები 2009 წლის 30 აპრილიდან აკონტროლებენ.