სოხუმის აეროპორტის გახსნის საკითხზე საუბარი ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავ გრძელდება.
აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ მოლაპარაკებებს ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება რუსულ მხარესთან გასული წლის ნოემბრიდან აწარმოებს.
პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და შეთანხმება რუსულ ბიზნეს-ჯგუფ ,,ბაზოვი ელემენტის" შვილობილ კომპანია ,,აეროპორტ დეველოპმენტთან" შედგა.
მოლაპარაკებების შედეგად აეროდრომისა და მისი ინფრასტრუქტურის, რადიონავიგაციის, კავშირგაბმულობის საშუალებების, ხელოვნური საფარის, ფრენების უსაფრთხოების, ტრანსპორტისა და სპეციალისტების მომზადების საკითხის მოგვარება აფხაზურმა მხარემ ითავა, დანარჩენი კომპლექის მშენებლობას კი, როგორიცაა ვაგზალი, სასტუმროები, მაღაზიები, რესტორნები და სხვა - კომპანია ,,აეროპორტ დეველოპმენტი" კისრულობს.
ამ შეთანხმების შედეგად, ე. წ. არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი ექსპლუატაციაში 2 წელიწადში უნდა შევიდეს.
თუმცა, ცოტა ხნის წინ, თავად ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი ბესლან ბუთბა აცხადებდა, რომ მიუხედავად აფხაზების სურვილისა, მოსკოვი აეროპორტის რეკონსტრუქციას არ აჩქარობს, ,,ვინაიდან რუსეთში არ ესმით, რისთვის სჭირდებათ აფხაზებს აეროპორტი.“
19 თებერვალს კი, აფხაზური ტელევიზიის ეთერში ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას მრჩეველმა, ამირან ლაგვილავამ განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტში აღდგენითი სამუშაოები ერთობლივი ძალებით უკვე დაიწყო და მისი აღდგენისა და მოდერნიზების გეგმა ,,პრეზიდენტს ერთ თვეში წარედგინება.“
,,ვინაიდან მთლიან რეკონსტრუქციას წელიწადნახევარ სჭირდება, სქემის მიხედვით აეროპორტის გახსნა მიმდინარე წლის ბოლოსთვისაც შეიძლება.
ჩვენ მოლაპარაკებებს სხვადსხვა ავიაკომპანიასთან უკვე ვაწარმოებთ და სოხუმის აეროპორტის მიმართულებით ფრენების შესრულებაში პრობლემებს არ ველით.“ - განმარტა ლაგვილავამ.
მისი თქმით, ყველაზე მთავარია გადაწყდეს ძირითადი საკითხი, რომელიც აერონავიგაციის აღჭურვილობას და შუქის მიწოდებას უკავშირდება.
ხაჯიმბას მრჩევლის სატელევიზო გამოსვლის შემდეგ აფხაზი ჟურნალისტები აფხაზ მფრინავს, კომპანია ,,აფხაზური ავიახაზების“ გენერალურ დირექტორს ვიაჩესლავ ეშბას დაუკავშირდნენ და აეროპორტის შესაძლო აღდგენის შესახებ კომენტარი სთხოვეს.
,,რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესებში შედის, რომ სოხუმის აეროპორტმა იმუშაოს და ჩვენთან ტურისტების მრავალრიცხოვანი ჯგუფები ჩამოვიდეს. თუმცა, ეს საკმაოდ რთული საკითხია, რომლის მოგვარებაც კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული.
რაც შეეხება 2015 წლისთვის აფხაზეთის საჰაერო სივრცის გახსნას, ამის შესახებ ჩემთვის არაფერია ცნობილი.“ - განაცხადა ეშბამ.
შეგახსენებთ, სოხუმის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა 1993 წლის სექტემბერს შეწყვიტა.
მას შემდეგ, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სოხუმის აეროპორტში პირველად 2008 წლის 11 აგვისტოს დაჯდა, იმავე წლის 14 სექტემბერს კი აეროპორტმა სამოქალაქო თვითმფრინავიც მიიღო, რომლითაც ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩაფრინდა.