სოხუმის სანაპიროზე, საბრძოლო დიდების ხეივანთან ახლოს, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს მებრძოლი კავკასიელების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალია განთავსებული, მალე რუსული ე. წ. ,,სამშვიდობო მისიის“ ჯარისკაცის ძეგლი დაიდგმება.
ძეგლის ადგილას აფხაზებმა, ჯერ კიდევ შარშან, 2014 წლის ივნისში სიმბოლური ქვა დადეს. მიმდებარე ტერიტორია ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიის თვითმარქვია წინამძღოლმა ბესარიონ აფლიამ აკურთხა.
როგორც სოხუმის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, სანაპიროზე ახალი მემორიალის მშენებლობა უკვე დაწყებულია.
,,დაიდგმება მეომრის ძეგლი, რომლის უკანაც მარმარილოსა და გრანიტის 5 მეტრიანი სტელა განთავსდება.
მონუმენტის ავტორები რუსი არქიტექტორები და სკულპტორები არიან. ტექნიკურ და კონსტრუქციულ სამუსშოებს სოხუმის საპროექტო ინსტიტუტი ასრულებს.“ - ნათქვამია სოხუმის მერიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ე. წ. რუსული ,,სამშვიდობო მისიის“ წარმომადგენლები ოკუპირებული აფხაზეთში 1994 წელს შევიდნენ და თავიანთი კონტროლის ზონა 2008 წელს, მას შემდეგ დატოვეს, რაც რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა.
14 წლის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ,,სამშვიდობო მისიის ჯარისკაცის“ სახელით დაახლოებით 70 ათასმა რუსმა ჯარისკაცმა იმსახურა.
მათგან, სხვადსხვა შემთხვევის შედეგად, 117 დაიღუპა.