ენგურის ხიდზე არსებულ ე. წ. საზღვარზე ვეტერინარული საკონტროლო პუნქტის აღდგენა მარტში იგეგმება. ამის შესახებ, აფხაზ ჟურნალისტებს ოკუპირებული აფხაზეთის ვეტერინარული სამსახურის უფროსმა ერიკ ანშბამ განუცხადა.
,,საზღვარზე ვეტსამსახურის არსებობა ქვეყნის უსაფრთხოების საწინდარია. პუნქტის გასხნის შემდეგ, ეს სამსახური შეძლებს, მთლიანად გაკონტროლოს აფხაზეთში შემოტანილი საკვები პროდუქტები. ჩვენ პროდუქტის მწარმოებლიდან მომხმარებლამდე ე.წ. უწყვეტ ჯაჭვს გავაკონტროლებთ." - აღნიშნა ანშბამ.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ენგურის ხიდზე ვეტერინარული სამსახური გაუქმდა, აფხაზეთში სხვადსხვა დაავადება გავრცელდა. ,,აფხაზეთში აფრიკული ჭირი და მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ყვავილი საქართველოდან შემოვიდა. ამას გარდა, საქართველოს ტერიტორიიდან ყოველგვარი კონტროლის გარეშე გადმოჰყავთ შინაური ფრინველიც." - აცხადებს ანშბა.
მისი თქმით, ვეტერინარული საკონტროლო პუნქტების ამოქმედების შემდეგ არსებული ვითარება კარდინალურად შეიცვლება და ვეტერინარული უსაფრთხოების მიზნით, აფხაზეთის მკვიდრებმაც საქართველოდან შეყვანილი მსხვილფეხა რქოსანი საქონლისა და ფრინველის შეძენაზეც უარი უნდა თქვან.
შეგახსენებთ, ვეტერინარული სამსახურის საკონტროლო პუნქტები ფსოუსა და ენგურის ე. წ. საზღვრებზე 2011 წლის მაისში გაუქმდა. მდინარე ფსოუზე არსებულ საქართველო-რუსეთის საზღვართან ვეტერინარული სამსახურის საკონტროლო პუნქტი 2015 წლის 15 იანვარს აღადგინეს.