აფხაზებისთვის რუსეთის მოქალაქის პასპორტების გაცემა კვლავ განახლდება.
ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის საკონსულო სამსახურის უფროსმა მარტინ ტარკილმა განაცხადა.
,,იმედი მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთსა და აფხაზეთს შორის ,,მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულება დაიდო.
ხელშეკრულებაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქის პასპორტის მიღების გასამარტივებლად მოსკოვი დამატებით ზომებს მიიღებს." - აღნიშნა ტარკილმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე საუბარი არ ყოფილა, რადგან მოქალაქეობის მიღების მექანიზმები ჯერ შემუშავებული არ არის. თუმცა, იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში ამ მექანიზმების განსახილველად შესაბამისი დავალება გაიცემა და კონკრეტულ ვადებზეც მას შემდეგ ილაპარაკებენ.
ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქის პასპორტების გაცემა 2008 წელს შეწყდა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთი ,,დამოუკიდებელ სახელმწიფოდ" აღიარა.