რუსეთმა აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეებს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებისათვის 84 კვოტა გამოუყო. განცხადება ამის შესახებ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრემიერმა ლეონიდ ლაკერბაიამ გააკეთა.
"მხოლოდ მოსკოვის უმაღლესი სასწავლებელი ათია. ასე ბევრი ჩვენ არასოდეს არ გვქონია. უკვე მეორე წელია ზედიზედ კვოტები გაიცემა აფხაზეთის მოქალაქეებისათვის და აბიტურიენტთა არჩევისას პირადობის დამადასტურებელი მთავარი დოკუმენტი აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტია", _ განაცხადა ლაკერბაიამ.
ლაკერბაიას თქმით, საბუთების მიღება მიმდინარე წლის 5 მაისამდე იქნება, აბიტურიენტთა შერჩევა კი 1 ივნისს დასრულდება. გამოცდები სოხუმის #10 სკოლაში ჩატარდება 15 16 22 და 23 მაისს. ამის შემდეგ, შერჩეული აბიტურიენტების შესახებ ინფორმაცია, რუსეთის განათლების სამინისტროში გაიგზავნება.
სტუდენტები აფხაზეთიდან, რომლებიც ლიმიტით ჩააბარებენ რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ ისწავლიან. მათ ექნებათ სტიპენდია და იცხოვრებენ საერთო საცხოვრებელში (თუკი სასწავლებელს ის საერთოდ აქვს).
ამას გარდა, ჩვენთვის გამოყოფილია 10 ადგილი ასპირანტებისათვის და 25 ადგილი მათთვის ვისაც კვალიფიკაციის ამაღლება სურს.