ფიფამ 2014 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა. "ოქროს ბურთის" მფლობელი უკვე მესამედ პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ გახდა.
დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი ციურიხში გვიან ღამით დასრულდა. საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოსაპოვებლად რონალდუს გარდა არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიური ბარსელონას თავდამსხმელი ლიონელ მესი და გერმანიის ნაკრებისა და ბავარიის მეკარე მანუელ ნოიერი იბძოდა, თუმცა ფიფას რჩეული პორტუგალიელი ფორვარდი გახდა. მსოფლიოს პირველ ფეხბურთელად რონალდუ პირველად 2008, მეორედ კი 2013 წელს დაასახელეს.