საქართველოს საცალო ქსელში ბოლო დღეებში საწვავის ფასის მატება ფიქსირდება.
როგორც "GHN"-ს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, მომხმარებელთა და იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვარალაშვილმა განუცხადა, სხვადასხვა ნავთობკომპანიის ქსელში ბოლო 3-4 დღის მანძილზე საწვავის ფასი 5 თეთრით გაიზარდა.
მისი თქმით, ფასი გაიზარდა ყველა კატეგორიის საწვავზე, რისი მიზეზიც საერთაშორისო ბაზრებზე დაფიქსირებული ტენდენციებია.
ნავთობპროდუქტების მომხმარებელთა კავშირი საქართველოს საცალო ქსელში ფასების ზრდას 8 აპრილიდან პროგნოზირებს. მათი განმარტებით, ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ბენზინის საერთაშორისო ფასი საინფორმაციო ბიულეტენის "პლაცის" (PLATT"S) მიხედვით იზრდებოდა. 8 აპრილისთვის ბენზინის საერთაშორისო ფასმა ტონაზე 793 აშშ დოლარს მიაღწია. 12 თებერვლიდან აღნიშნული მაჩვენებელი 151 აშშ დოლარით გაიზარდა. ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ნედლი ნავთობის ფასიც.
ვანო მთვარალშვილის განცხადებით, ახლო მომავალში საწავის ფასის კვლავ მატება მოსალოდნელი არ არის, თუმცა, ვითარება ამ მხრივ საერთაშორისო ბაზრებზე დაფიქსირებულ ტენდენციაზე იქნება დამოკიდებული.
მაგალითად, "ლუკოილ ჯოჯიას" ქსელში დღეისთვის 1 ლიტრი ევროსუპერის ფასი 2 ლარზე ფიქსირდება, პრემიუმანაგარდის - 1.95 ლარზე, ევროპრემიუმი - 1.88 ლარზე, ევრორეგულარის - 1.80 ლარზე, ხოლო ევროდიზელის - 1.90 ლარზე.