ოკუპირებული აფხაზეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ომიანე ლოგუამ უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეზე, უკვე, გადაუგზავნა საბრალდებო დასკვნა, რომლის მონაწილეებიც პარლამენტის დეპუტატები ნოდიკ კვიწინია, ჯუმბერ ბიგვავა, რამინ ხმაილი, ახრა გოლია და ასლან წვიჟბა არიან.
წინასწარი გამოძიებით, ნოდიკ კვიწინიას, გამოსასყიდის მიღების მიზნით, რუსი ბიზნესმენის სერგეი კლემანტოვიჩისა და მისი თანაშემწის ოქსანა სკარედნოვას გატაცების და შემდეგ მკვლელობის ორგანიზებაში ედება ბრალი.
გამოძიებით დადგენილია, რომ სერგეი კლემანტოვიჩი და ოქსანა სკარედნოვა 2012 წლის 12 სექტემბერს კვიწინიას ინიციატივით ქალაქ სოხუმში, ამ უკანასკნელის სახლში შეხვდნენ ერთმანეთს. ამის მერე კი მათი კვალი გაქრა.
ეჭვმიტანილების დაკავების შემდეგ, საგამოძიებო-ოპერატიული სამუშაოების შედეგად, ზუსტად ერთ წელიწადში, 2013 წლის 12 ოქტომბერს, კლემანტოვიჩისა და სკარედნოვას გახრწნილი ცხედრები ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟაში მიტოვებული სახლის ტერიტორიაზე არსებულ ჭაში აღმოაჩინეს.
აღნიშნული დანაშაულის გარშემო, ოკუპირებული აფხაზეთის იურისტ-გამომძიებლებმა ეჭვმიტანილების წინააღმდეგ მრავალი მტკიცებულება მოიპოვეს. მათი აღიარებითი ჩვენებებიც ერთმანეთს დაემთხვა და დანაშაულის ადგილი და გვამების ადგილსამყოფელიც მათ მიერვე იქნა მითითებული.
სისხლის სამართლის საქმეზე 25 რთული სასამართლო ექსპერტიზა რუსეთის ფედერაციის შესაბამის უწყებებში ჩატარდა, მათ შორის ფსიქოფიზიოლოგიურიც, რომლის დროსაც სიცრუის დეტექტორი გამოიყენეს.
ოკუპირებული აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსით, აღნიშნული დანაშაული, უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.