14 დეკემბერს, 10:00 საათზე, თბილისში (ექსპო ჯორჯია, მე-3 პავილიონი) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალის ჯიფონის ერთდღიანი გამოშვება - „ჯიფონი საქართველო" ჩატარდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 250 ქართველი ბავშვი მთელი საქართველოდან (ასაკობრივი კატეგორია - 13-17 წელი). თბილისში გამართულ ერთდღიან საბავშვო კინოფორუმს ფილმებით უზრუნველყოფს ჯიფონის კინოფესტივალის ადმინისტრაცია, რომელთანაც აქტიურად თანამშრომლობს კინოცენტრი. ფესტივალზე ორ ასაკობრივ კატეგორიაში ნაჩვენები იქნება ფილმები: +16 „Exit Marrakech" (გერმანია) და +13 "The Finishers" (საფრანგეთი). ფესტივალის პროგრამა, გარდა ფილმების ჩვენებისა, შეფასებისა და დისკუსიისა, მოიცავს სხვადასხვა საინტერესო აქტიობას და უორქშოფს:
• სპეციალური სტუმარი - გიორგი ნაკაშიძე
• სუხიშვილების უორქშოფი და ცეკვა
• ჩრდილების თეატრის უორქშოფი და წარმოდგენა
• გურამ წიბახაშვილის ლექცია - კინო და ფოტოხელოვნება
• უორქშოფი კომპიუტერული თამაშების შესახებ
• რა, სად, როდის - ბავშვთა გუნდების თამაში კლუბის წარმომადგენლების მეთვალყურეობით.
ერთდღიანი „ჯიფონი საქართველოს" წარმატებით ჩატარების შემთხვევაში, ფესტივალი საქართველოში სრული მასშტაბით უკვე 2015 წელს ჩატარდება. მსგავსი ფესტივალის ჩატარების უფლება მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანას აქვს.
ჯიფონის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალი უნიკალურია თავისი შინაარსით, დანიშნულებით და მასშტაბით - ფესტივალი უკვე 44 წელია ტარდება იტალიის პატარა ქალაქ ჯიფონი ვალე პიანაში. მისი ჟიურის წევრები თავად მოზარდები არიან. 3500 ბავშვი უყურებს ფილმებს სხვადასხვა ნომინაციაში, მსჯელობს, განიხილავს და გამოავლენს საუკეთესოებს. ჯიფონიში ჩასულ უცხოელ ბავშვებს მასპინძლობენ მათი ადგილობრივი თანატოლების ოჯახები. ფესტივალთან თანამშრომლობს 54 ქვეყანა. ჟიურის წევრთა ასაკი მერყეობს 5-დან 18 წლამდე.
საფესტივალო ფილმების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი მაღალი ხარისხია. ფილმებს არჩევს კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან ფსიაქიატრები, ფსიქოლოგები და კინომცოდნეები.
ეროვნულ კინოცენტრსა და ჯიფონის კინოფესტივალს შორის ურთიერთობა 2013 წელს დაიწყო, როცა კინოცენტრის ინიციატივით, 3 ქართველი მოსწავლე იტალიაში გაემგზავრა და მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კინოფესტივალში. 2014 წელს კი ჯიფონის კინოფესტივალზე საქართველოდან 7 მოზარდი და 2 სტუდენტი გაემგზავრა. ქართველმა ბავშვებმა ფესტივალის მონაწილეებზე დიდი მშაბეჭდილება მოახდინეს თავიანთი აქტიურობით და აჩვენეს ცოდნის და ანალიტიკური აზროვნების მაღალი დონე.
სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა ასევე ფესტივალის დირექტორი - კლაუდიო გუბიტოზი. მისი გადაწყვეტილებით, საქართველოს მიეცა 2014 და 2015 წლებში ფესტივალის ლოგოს უსასყიდლოდ გამოყენების უფლება.