13 დეკემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ქართველი მეფის ვახტანგ გორგასალის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ანდრია პირველწოდებული პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას დედაღვთისამ მოუწოდა და ამცნო, რომ წმ. ანდრიას უნდა ექადაგა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში.
იგი პირველად ქართლის ტერიტორიაზე დიდაჭარაში შემოვიდა. თან ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი. წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება.
წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი V საუკუნეში მეფობდა. მისი მეფობის დროს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა.