2015 წლის თებერვალში, ოკუპირებული აფხაზეთის მაღალმთიან რაიონებში სტარტს აიღებს რუსულ-აფხაზური ერთობლივი პროექტი, სახელწოდებით ,,მთიანი აფხაზეთი - წელიწადის დროები," რომლის მიზანიც აფხაზეთის ბუნების ფართო მასებისთვის გაცნობა და სამთო და ეკოტურიზმის განვითარებაა.
ასევე, ორგანიზატორებს სურვილი აქვთ, საბჭოთა კავშირის დროს პოპულარული მარშრუტებიც აღადგინონ და ახალიც დაამატონ.
პროექტის ფარგლებში შედის წელიწადის ოთხივე დროს აფხაზეთის მთიან რაიონებში საფეხმავლო, საცხენოსნო და საავტომობილო ექსპედიციის მოწყობა.
ძნელადმისადგომ ადგილებში, სადაც ზამთრობით თოვლის საფარი 6 მეტრამდე აღწევს, ჯგუფს შვეულმფრენები დაეხმარებიან.
პროექტში მონაწილეობას მეცნიერები, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და კინემატოგრაფები მიიღებენ, რომლებიც აფხაზეთის ბუნების ღირსშესანიშნაობებზე უნიკალური ფოტო და ვიდეობაზის შექმნას აპირებენ. მათ გეგმაში შედის ასევე ტელეგადაცემების, ვიდეოდღიურების და დოკუმენტური ფილმის გადაღებაც.
რუსულ-აფხაზურ პროექტს, ,,მთიანი აფხაზეთი - წელიწადის დროები" საფუძვლად ახალგაზრდა აფხაზი გეოგრაფის თენგიზ თარბას მიერ დაარსებული პროექტი, ,,მთიანი აფხაზეთი" დაედო, რომლის ფარგლებშიც ოთხი წლის განმავლობაში მან და მისმა ჯგუფმა 32 ექსპედიცია განახორციელა.
სწორედ ის და მისი თანამოაზრეები უდგანან სათავეში ამ ახალ პროექტსაც.