სოხუმის აეროპორტი, შესაძლოა, ორ წელიწადში ამოქმედდეს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სოხუმის აეროპორტის აღსადგენად, აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში რუსეთის ფედერაციიდან მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებაა გამოყოფილი, თუმცა ეს თანხა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტი სრულად ამოქმედდეს.
,,არიან ბიზნესმენები, ვისაც ამ პროცესში ჩართვა სურთ. მათთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმედი მაქვს, აეროპორტი 2 წელიწადში ექსპლოატაციაში შევა." - აღნიშნა ხაჯიმბამ.
სოხუმიდან 18 კილომეტრის მანძილზე მდებარე აეროპორტი გასული საუკუნის 60-ან წლებში აშენდა და 1993 წლამდე, საკურორტო სეზონზე დღე-ღამეში 5 ათასამდე მგზავრის მიღება-გაშვება შეეძლო.
მისი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სიგრძე 3, 6 კილომეტრია, რაც საშუალებას აძლევს, ყველა სახის სამოქალაქო საფრენი საშუალები მიიღოს.
სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი 1993 წელს, კონფლიქტის შემდეგ დაიკეტა.
2014 წლის ნოემბერში რუსი ბიზნესმენის, ოლეგ დერიპასკას კუთვნილ კომპანია ,,საბაზო ელემენტში" შემავალმა ფირმა ,,აეროპორტ დეველოპმენტმა" სურვილი გამოთქვა, სოხუმის აეროპორტის აღდგენა-რესტავრაციაში მონაწილეობა მიიღოს.