აფხაზეთში ეკონომიკის არც ერთი სფერო, მინიმალურ დონეზეც კი, არ მუშაობს, - ამის შესახებ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა.
,,მოგვიწევს, ყველა ღონეს მივმართოთ, რათა ჩვენს ბიუჯეტში გადასახადები და სხვა საჭირო სახსრები შევიდეს. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია ელექტროენერგიისა და კომუნალური მომსახურების საფასურის აკრეფა-მობილიზება." - აღნიშნა მან.
მისი თქმით, ის ვითარება, რაც დღეს აფხაზეთში სუფევს, იმის დასტურია, რომ წლების განმავლობაში ქვეყნის განვითარებისთვის გააზრებული ნაბიჯები არ გადადგმულა.
ხაჯიმბას მტკიცებით, აფხაზეთის პროკურატურა უკვე აქტიურად იძიებს ყველა კანონდარღვევას, რასაც ცალკეული ორგანიზაციები მიმართავდნენ. მათ შორის, რუსეთის ფედრაციის მიერ გამოყოფილი ფინანსების გაფლანგვის ფაქტებსაც.
რაულ ხაჯიმბა დარწმუნებულია, რომ ყველა, ვინც ასეთ საქმეშია გარეული, კანონის ძალით უმკაცრესად დაისჯება.
ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური გეგმის შესასრულებლად, 2010-2012 წლებში, რუსეთის ფედერაციიდან ოკუპირებულმა აფხაზეთმა მთლიანობაში 11 მილიარდამდე რუბლი მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები