ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისში, ჟენევის მოლაპარაკებების 30-ე რაუნდი იმართება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან შეხვედრებში მონაწილეობს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე. როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა, მოლაპარაკებების დროს ქართული მხარე ყურადღებას გაამახვილებს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამუშავების საკითხზე.
„შეხვედრაზე განვიხილავთ ძალის არგამოყენების საკითხს. ამ საკითხზე მუშაობა ადრეც მიმდინარეობდა და ჩვენ კვლავაც პრინციპულად დავსვამთ რუსეთის ფედერაციის მიერ სამართლებრივად მავალდებულებელი ცალმხრივი განცხადების საკითხს. ასევე, განვიხილავთ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამუშავების საკითხს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თვითონ ძალის არგამოყენების თემა არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, მაგრამ ის გამაგრებული უნდა იყოს მრავალმხრივი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებით", - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
გარდა ამისა, როგორც ლორთქიფანიძემ შეხვედრების დაწყებამდე აღნიშნა, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი არ შეცვლილა, რაც ქართული მხარის თანმიმდევრული ძალისხმევის შედეგია.
ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში 9 დეკემბერს ორმხრივი საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს, 10 დეკემბერს კი ჟენევის მოლაპარაკებების ძირითადი ნაწილი გაიმართება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებებში ფორმატის შექმნის პირველივე დღიდან მონაწილეობს. სამუშაო ჯგუფში წამოჭრილი ნებისმიერი საკითხის - მათ შორის, ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო-სამართლებრივი შეფასება, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, სწორედ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრეროგატივაა.