ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გასულ კვირას გალის რაიონის სოფლებში განთავსებულ რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო განყოფილებებს ესტუმრა.
პირველი ობიექტი, რომელიც ხაჯიმბამ მოინახულა, ე. წ. ენგურის სასაზღვრო გამშვები პუნქტი იყო.
პუნქტის უფროსმა ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტს ადგილზე შექმნილი ვითარების შესახებ მოახსენა და რუსეთის სპეცსამსახურებისა და აფხაზი მესაზღვრეების ერთობლივი მუშაობის შედეგები გააცნო.
ხაჯიმბამ უშიალოდ აფხაზეთის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო განყოფილების გამშვები პუნქტიც დაათვალიერა. ის ე. წ. ენგურის საზღვარზე გადამსვლელთა რაოდენობით დაინტერესდა, თუ რამდენი ადამიანი ან რამდენი ავტომანქანა კვეთს, დაახლოებით, ყოველდღიურად ხსენებულ მონაკვეთს.
შემდეგ ხაჯიმბამ სოფელ თაგილონში განთავსებული სასაზღვრო ,,ფორპოსტი" მოინახულა, სადაც მას კონკრეტული მონაკვეთის საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებები წარუდგინეს.
რაულ ხაჯიმბა თაგილონში გაშენებულ რუსეთის სამხედრო ბაზასაც ეწვია და საცხოვრებელი ბინები და სხვა ნაგებობები დაათვალიერა.
ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა რუსეთის სპეცსამსახურების სასაზღვრო განყოფილების ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა და ე. წ. სასაზღვრო რაიონებში დისლოცირებულ ერთობლივ სამსახურებს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაავალა.