ლიკანში საერთაშორისო დონის საკურორტო კომპლექსის მშენებლობა მაისში დაიწყება. შესაბამისი შეთანხმება დღეს ყაზახეთში, საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე იქნა მიღწეული, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ყაზახეთში მყოფ "ჯი-ეიჩ-ენის" კორესპონდენტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განუცხადა, აღნიშნულის გარდა, ყაზახეთი საქართველოში კიდევ რამდენიმე ეკონომიკური პროექტის განხორციელებითაც არის დაინტერესებული.
"სამთავრობოთაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ძალიან პოზიტიური იყო. განხილულ იქნა ის საკითხები, რომელიც ქვეყნებს შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში არ განხილულა. გარდა ამისა, ყაზახურმა მხარემ საქართველოში ინვესტირებასთან დაკავშირებით რამდენიმე პოზიტიური წინადადება წარმოადგინა, რომლის დეტალებიც მომავალ თვეს, ყაზახური დელეგაციის თბილისში ვიზიტისას იქნება განხილული", - განმარტა პოლოლიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლიკანში საერთაშორისო დონის საკურორტო კომპლექსის მშენებლობა იგეგმება, რომელსაც ყაზახური კომპანია "ყაზმუნაიგაზ-სერვისი" ააშენებს. პროექტის მიხედვით, ლიკანში სანატორიუმის ტიპის საერთაშორისო დონის კომპლექსი აშენდება, რომელიც ერთგვარად შეკრავს ბორჯომი-ბაკურიანის გზას და უდიდეს როლს შეასრულებს რეგიონის განვითარებაში. მშენებლობა ორ წელიწადში დასრულდება.
ბორჯომი-ლიკანის ყოფილი სამკურნალო-პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი კომპლექსი საქართველოს მთავრობამ "ყაზმუნაიგაზ-სერვისს" 2006 წელს გადასცა. მაშინ მთავრობამ მხარი დაუჭირა ყაზახი ინვესტორების საქმიან წინადადებებს, რომელიც ლიკანში საერთაშორისო მასშტაბის ტურისტული ობიექტების მშენებლობას ისახავდა მიზნად. კომპლექსის განახლება რამდენიმე წლის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისმა და აგვისტოს ომმა უარყოფითად იმოქმედა ინვესტორების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. წელს სიტუაცია შეიცვალა და "ყაზმუნაიგაზ-სერვისი" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას შეუდგა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ასეთი საერთაშორისო მასშტაბის პროექტის განხორციელება ქართულ-ყაზახური კეთილმეზობლური და საქმიანი ურთიერთობების კიდევ ერთი დადასტურებაა.
ლიკანის კომპლექსი უკვე ას წელზე მეტია საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი კურორტია.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ხელმძღვანელობს გუშინ გაემგზავრა. ვიზიტი დღეს დასრულდება.