ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პასპორტიზაციის თემა აქტუალობას არ კარგავს. უფრო მეტიც, სამართალდამცავ სტრუქტურებში უკვე ხმამაღლა ალაპარაკდნენ იმაზე, რომ წლების განმავლობაში ,,აფხაზეთის მოქალაქის" პასპორტების უკანონოდ გაცემის გამო, საბრალდებო სკამზე შეიძლება ყოფილი მაღალჩინოსნები აღმოჩნდნენ.
კონკრეტული დამნაშავე პირების ვინაობას, ამ ეტაპზე, არ აცხადებს, თუმცა ოკუპირებული აფხაზეთის გენერალური პროკურორი ალექსი ლომია არ მალავს, რომ ე. წ. უკანონო პასპორტიზაციის სქემა ოკუპირებულ აფხაზეთში ჯერ კიდევ 2008 წელს ჩაიფიქრეს და მის უკან საკმაოდ წონადი პირები დგანან.
,,უახლოეს მომავალში კანონის წინაშე წარსდგებიან თანამდებობის პირები, რომლებიც ამ საქმიანობას ეწეოდნენ. ესენი არიან როგორც მილიცის განყოფილებების უფროსები, ასევე რაიონული ადმინისტრაციის ხელმძრვანელები.
საქმე ეხება მილიციის მხრიდან გულგრილობის, ხოლო - ადმინისტრაციების ხელმძღვანელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს." - განაცხადა ლომიამ.
მისი თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით დაგეგმილია უშიშროების საბჭოს წევრების დაკითხვაც.
ყბადაღებული პასპორტიზაციის დროს თავად ლომია ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.
,,იმ დროს არავის შეეძლო ამ პროცესში ჩარევა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვხვდებოდით, რაშიც იყო საქმე და საპასპორტო მაგიდის უფროსთან ერთად მაშინდელი პრეზიდენტის ადმინიტრაციას შესაბამის შეტყობინებებსაც ვუგზავნიდით, მაგრამ უშედეგოდ." - განაცხადა ლომიამ აფხაზ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები