,,ნარკომანია და ავტოავარია - ეს ის ორი უბედურებაა, რომელთაგან ჩვენი ახალგაზრდობა აუცილებლად უნდა დავიცვათ." - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა რაულ ლოლუამ სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას.
მისი უწყების მონაცემებით, ორი წლის განმავლობაში აფხაზეთის ტერიტორიაზე ადგილობრივმა სამართალდამცავებმა 220 ნარკოდილერი დააკავეს, რომელთა წინააღმდეგაც სისხლის სამართლებრივი საქმეა აღძრული.
ნარკომანიის პრობლემებზე საუბრისას, რაულ ლოლუამ აღნიშნა, რომ აფხაზეთში ნარკოტიკი ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან შედის და ნარკოდილერებსაც სწორედ ფსოუს საზღვართან აკავებენ.
,,პრაქტიკულად, ყოველკვირა გვიწევს 20-25 გრამი ისეთი ნარკოტიკული ნივთიერების ამოღება, როგორიც მეტადონია. ორი წლის მონაცემებით აფხაზი სამართალდამცავების მიერ, აფხაზეთში 675 გრამი მეტადონია აღმოჩენილი, რომლის საერთო ღირებულება 25 მილიონ რუბლს აჭარბებს." - აღნიშნა ლოლუამ.
ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სტუდენტებს არც ის დაუმალა, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლები სამართალდამცავებს შორისაც გამოავლინეს, რომელთა წინააღმდეგაც შესაბამისი ზომებია მიღებული.
რაც შეეხება რუსეთის საზღვრიდან ნარკოტიკების შემოდინებას, რაულ ლოლუას მტკიცებით, რუსეთის მხარესთან ერთად ამ საკითხის მოსაგვარებლად ერთობლივი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.