9 აპრილს, 10:00 საათზე, თბილისში, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ "მუზაში", გაიხსნება პირველი საერთაშორისო კონფერენცია "სოციალური მედია სოციალური ცვლილებებისთვის" და პირველი კავკასიური "სოციალური ინოვაციების ბანაკი".
ორდღიან კონფერენციაზე საქართველოს, აშშ-ის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ევროპის წამყვანი ინოვაციური ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები, ვებდეველოპერები, უნივერსიტეტების პროფესორები, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ბლოგერები ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სოციალური მედია, როგორც სოციალური ცვლილებების კატალიზატორი; სამოქალაქო ჟურნალისტიკა; ტრადიციული და არატრადიციული მედიის როლი გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში; ბლოგინგი და სხვა.
კონფერენციის პარალელურად, იმავე შენობაში, 9 აპრილს კავკასიური "სოციალური ინოვაციის ბანაკი" გაიხსნება.
სოციალური ინოვაციების ბანაკი პირველად 2007 წელს ლონდონში შედგა. მეორედ 2009 წლის სექტემბერში ბრატისლავაში ჩატარდა. საქართველოში გამართულ ბანაკს დიდი ბრიტანეთიდან ამ იდეის ავტორი, ახალი მედიის სპეციალისტი დენ მაქქუილანი და ახალი მედიის 6 ევროპელი ექსპერტი ეწვევა.
"სოციალური ინოვაციების ბანაკში" ყოფნის 48 საათის განმავლობაში მის მონაწილეებს ონლაინ იდეების რეალურ ვებ პროექტებად გარდაქმნის შესაძლებლობა მიეცემათ. იდეის გამარჯვების შემთხვევაში კი პროექტის ავტორები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან, რაც ბანაკის დასრულების შემდეგ პროექტის რეალურად განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.
ღონისძიების ორგანიზატორები ამერიკული ორგანიზაცია Intenational-ი და ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" არიან.