დონეცკის, ლუგანსკისა და აფხაზეთის ე. წ. მთავრობის წარმომადგენლები სეპარატისტულ რეგიონებში აფხაზური ბანკების ამოქმედების შესახებ არაოფიციალურ მოლაპარაკებას აწარმოებენ.
აღნიშნულ ტერიტორიებზე საბანკო სისტემამ მუშაობა ზაფხულის შუა პერიოდიდან შეწყვიტა.
შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე დონბასში სხვადსხვა ბანკის 2284 განყოფილება მოქმედებდა. მათი გაუქმების შემდეგ მხარეში ფინანსური ვაკუუმი შეიქმნა, ვინაიდან, დაწესებული სანქციების გამო რუსული ბანკები აღმოსავლეთ უკრაინაში შესვლას არ ჩქარობენ, აფხაზურ ბანკებზე კი ევროკავშირისა და აშშ-ს სანქციები არ ვრცელდება.
აფხაზი ბანკირები სეპარატისტული რესპუბლიკებიდან მიღებულ ცნობებს მიესალმებიან, თუმცა, თავიანთი სფეროს გაფართოების პერსპექტივას იმ ტერიტორიაზე, სადაც საომარი მოქმედებები მიდმინარეობს, ეჭვის თვალით უყურებენ.
,,დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებიდან წინადადებები მართლაც მივიღეთ, თუმცა ეს იყო აფხაზეთის ბანკის პირად ფოსტაზე მოსული არაოფიციალური შემოთავაზება და თანაც მხოლოდ კომერციული ბანკებისგან, ამიტომ ეს საკითხი სერიოზულად არ აღგვიქვამს. მიუხედავად ამისა, არაოფიციალურ დონეზე მაინც განვიხილეთ და დავასკვენით, რომ აფხაზურ ბანკებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლის და მუშაობის შესაძლებლობა ჯერ-ჯერობით არ აქვს." - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ემმა ტანიამ.
დღეისთვის ოკუპირებულ აფხაზეთის საბანკო სექტორში რვა ბანკი მოქმედებს. ესენია: სოხუმ-ბანკი, გარანტ-ბანკი, გაგრა-ბანკი, აფხაზეთის შემნახველი ბანკი, უნივერსალ-ბანკი, კიბიტ-ბანკი, ამრა-ბანკი და შავი ზღვის განვითარების ბანკი.
აფხაზეთის ვალუტა რუსული რუბლია.
რაც შეეხება სეპარატისტული რესპუბლიკების დამოკიდებულებას, ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის პრეს-სპიკერის, ვლადიმერ ინოგოროდსკის თქმით, საბანკო სისტემის ამოქმედების საკითხი ამ დროსითვის, მხლოდ დამუშავების ეტაპზეა.
მასალის გამოყენების პირობები