გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე აჭარის რეგიონში ჩავიდა, სადაც მდინარე ჩაქვისწყალზე მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა.
ხაჩიძის განცხადებით, ქობულეთის რაიონში, დაბა ჩაქვში, მდინარე ჩაქვისწყალის მარჯვენა ნაპირზე საავტომობილო და სარკინიგზო ხიდებს შორის არსებულ ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი ნაგებობის პროექტი განხორციელდა. მისი თქმით, მოსახლეობისა და საკარმიდამო ნაკვეთების დასაცავად მოეწყო ნაპირდამცავი დამბა, საერთო სიგრძით 383 მ. მდინარის ერთ ნაპირზე სამუშაოები დასრულებულია, მეორე სანაპიროზე კვლავ მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "ნიუ-ენერჯი"-მ შეასრულა. ნაპირდამცავი ნაგებობის მშენებლობაზე 200 ათას ლარამდე დაიხარჯა.
"ნაპირსამაგრი სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, აქაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. მოსახლეობა ძალიან შეწუხებული იყო ჩაქვისწყლის ადიდების გამო, მიმდინარეობს ორივე ნაპირის გამაგრება, ერთი ნაპირი უკვე მორჩა და მალე მთლიანად დასრულდება აქ ნაპირსამაგრი სამუშაოები", -განაცხადა გოგა ხაჩიძემ.