ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის გათვლებით, უახლოეს მომავალში საქართველოში საწვავის ფასი გაიზრდება. ამის შესახებ დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა და მისმა მოადგილემ, ვახტანგ იობაშვილმა ისაუბრეს.
მათი თქმით, ბოლო რამოდენიმე კვირის მანძილზე ბენზინის საერთაშორისო ფასი საინფორმაციო ბიულეტენის "პლაცის" (PLAთთ"შ) მიხედვით იზრდება. 12 თებერვალს ბენზინის საერთაშორისო ფასი ტონაზე 642,25 დოლარს შეადგენდა. დღეისათვის ფასმა 793 დოლარს მიაღწია. ანუ 12 თებერვლის შემდეგ ბენზინის ფასი გაიზარდა საშუალოდ 151 დოლარით ტონაზე ანუ 23 პროცენტით.
ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ნედლი ნავთობის ფასთა დინამიკაც ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა და მისმა ფასმა ამავე პერიოდში 69 აშშ დოლარიდან 86 აშშ დოლარამდე მოიმატა. ამასთან მისი თქმით, გუშინ ნავთობის ფასმა ბოლო 18 თვის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
როგორც ცნობილია, ნავთობსექტორში წარმოდგენილი მსხვილი ტრანსნაციონალური და ადგილობრივი კომპანიები დაახლოებით 10-20 დღის ინტერვალით (ინტერვალები დამოკიდებულია მომწოდებელ ქვეყანაზე) ახდენენ იმპორტს.
ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები საქართველოშიც აუცილებლად აისახება. კავშირი უახლოეს მომავალში საქართველოში საწვავის ფასის რამდენიმე თეთრით გაძვირებას ვარაუდობს.
"საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე საწვავის ფასის კორექტირება ბოლო პერიოდში ჯერ მიმდინარე წლის 15 თებერვალს დაფიქსირდა, როცა ყველა კატეგორიის საწვავის ფასი 5 თეთრით შემცირდა. შემდეგ საერთაშორისო ფასის ზრდის მიუხედავად საწვავის ფასი შენარჩუნდა აღნიშნულ მაჩვენებელზე, რაც მოხდა კომპანიების მიერ საწვავის გარკვეული მარაგების არსებობის შედეგად. საწვავის მარაგების ამოწურვის შემდეგ კი 29-30 მარტს დაფიქსირდა საწვავის ფასის 5-თეთრიანი მატება. თუმცა უნდა ითქვას, რომ ბენზინის საერთაშორისო ფასის ზრდა გაცილებით მეტი პროცენტულობით მოხდა, ვიდრე ჩვენს ბაზარზე, რასაც ჩვენს მიერ მოცემული ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. აქედან გამომდინარე, კომპანიებს სამწუხაროდ უახლოეს პერიოდში მოუხდებათ საწვავის ფასის უმნიშვნელო მატება", - განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირი 2004 წელს დაფუძნდა. კავშირის საქმიანობის ძირითადი მიზანია: სახელმწიფო ანტიკონტრაბანდული და ანტიფალსიფიკაციური პოლიტიკის გატარებაში ხელის შეწყობა
მეწარმეთათვის კონკურენტუნარიანი ბიზნეს-გარემოს შექმნის ხელშეწყობა და მათი კანონიერი უფლებების დაცვა; ნავთობპროდუქტების წარმოების, იმპორტის და რეალიზაციის სფეროში არსებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და რეკომენდაციების მომზადება, ეფექტური და მოქნილი საკანონმდებლო სისტემის ჩამოყალიბებისათვის; ნავთობპროდუქტების ბაზარზე მუდმივი მონიტორინგის განხორციელება საწვავის ხარისხსა და ფასთან დაკავშირებით, შემდგომ კი საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება; ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორისათვის საინფორმაციო ბაზის შექმნა საწვავის ფასის, მოხმარების, იმპორტის, რეალიზაციის, საბიუჯეტო შენატანების და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.