ჟერარ პიკე შესაძლოა „ბარსას" დაემშვიდობოს. ამის შესახებ ესპანური სპორტული გამოცემა El Mundo Deportivo იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ბარსელონას მცველს კლუბიდან წასვლის სურვილი მთავარ წრთვნელთან უთანხმოების გამო გაუჩნდა. ფეხბურთელის თქმით, გუნდში, რომელსაც ლუის ენრიკე წრთვნის, ის საკუთარ თავს ვერ ხედავს. სინამდვილეში კი პიკეს განაწყენების მიზეზი ზედიზედ სამი თამაშის გამოტოვება გახდა.
კულუარული ინფორმაციით, ლუის ენრიკემ ის სათადარიგოთა სკამზე იმის გამო დასვა, რომ „ბარსას" მცველი ერთ-ერთი თამაშის დროს მობილურ ტელეფონზე ლაპარაკობდა. თავად ენრიკე აცხადებს, რომ ამ ინციდენტს პიკეს სათადარიგოებში გადაყვანასთან არანაირი კავშირი არ აქვს. „ბარსას" თავკაცი დაცვაში უპირატესობას მასკერანოს, მატიესა და ბარტრას ანიჭებს.