4 ნოემბერს, კულტურის სამინისტროში გაიმართა ICOMOS საქართველოს ორგანიზებით შემუშავებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის ეროვნული დოკუმენტის სამუშაო ვერსიის წარდგენა და განხილვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ICOMOS საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ნატო ცინცაბაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსია შემუშავებულია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის "რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის" ფარგლებში(პროექტს ICOMOS საქართველო ახორციელებს 2012 წლის მაისიდან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით).
დოკუმენტი წარმოადგენს მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკის ამოცანების ანალიზსა და რეკომენდაციებს, ასევე განიხილავს საზოგადოების, მთავრობის, საჯარო სამსახურების და ამ თემით დაინტერესებული ჯგუფების წინაშე არსებულ პრობლემებსა და შესაძლებლობებს მემკვიდრეობის დაცვის სფეროში.
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული პოლიტიკის დასრულებული სამუშაო ვერსიის განხილვა-პრეზენტაციებს ICOMOS საქართველო ახორციელებს სხვა ინსტიტუციებთან და დაინტერესებულ ჯგუფებთანაც.
როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მიმდინარეობს კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესი. სამინისტრო მიესალმება ამ დარგით დაინტერესებული ორგანიზაციების მსგავს ინიციატივებს და კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას თანამშრომლობისთვის.