ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა იმ პოლიტიკურ პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომელბიც აფხაზეთის ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან.
ხაჯიმბამ შეხვედრის მონაწილეებს აღებული რეფორმების კურსის მიმართ თავისი ერთგულება დაუდასტურა და თქვა, რომ ამ გზიდან გადახვევას ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ აიძულებს.
მან შეხვედრის მონაწილეებს რეფორმების ის სამი მიმართულება გააცნო, რომლითაც შემდეგში მთავრობამ უნდა იხელმძღვანელოს. პირველი რეფორმა საარჩევნო კანონმდებლობის მოწესრიგებას და მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას ეხება.
მისივე თქმით, დგას კონსტიტუციური რეფორმის გატარების აუცილებლობა და სახელისუფლებო და საკანონმდებლო შტოებს შორის პრეზიდენტის უფლებამოსილების გადანაწილების საკითხი.
სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მომავალი წლის გაზაფხულისთვის ე.წ. პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობა უნდა დაასრულოს.
მესამე მიმართულება შეეხება თვითმმართველობის ორგანოების რეფორმას და მათთვის მეტი თვითმყოფადობის მინიჭებას.
ხაჯიმბამ ამასთანავე აღნიშნა, რომ ,,ქვეყნის ხელისუფლებას" გადაწყვეტილი აქვს მკაცრად გააკონტროლოს საბიუჯეტო სახსრებისა და რუსეთიდან მიღებული ფინანსური დახმარების ხარჯები.
ასევე, ხაჯიმბას სურს ოკუპირებული აფხაზეთის გენერალურ პროკურატურას გასული წლების საბიუჯეტო ხარჯების კანონირების შესწავლა მოსხოვოს. მისი თქმით, მოკვლევისთვის შესაბამისი მასალები პროკურატურას უკვე გადაეცა და უახლოეს პერიოდში, მათგან ის კონკრეტულ ინფორმაციას და გამოძიების შედეგებს ელოდება.