რუსეთსა და თურქეთს შორის სავიზო რეჟიმი, შესაძლოა, 2010 წლის მაისში გაუქმდეს. თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებას ხელი რუსეთის პერზიდენტის დიმიტრი მედვედევის ანკარაში ვიზიტისას მოეწერება.
ამ დროისათვის ორ ქვეყანას შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმი მოქმედებს. რუსეთის ნებისმიერ მოაქლაქეს თურქეთში შესვლის უფლება უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთის არსებობის შემთხვევაში ეძლევა. ტურისტული ვიზის ღირებულება 15 ევროს შეადგენს. ერდოღანმა აღნიშნა, რომ უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში თურქეთმა სავიზო რეჟიმი 25 ქვეყანასთან გააუქმა.
ამ დროისათვის რუსეთს უვიზო რეჟიმი 56 სახელმწიფოსთან აქვს. 34 ქვეყანასთან კი გამარტივებული სავიზო რეჟიმი მოქმედებს.