თავდაცვის უწყება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყებაა და აქედან გამომდინარე ირაკლი ალასანიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ განიხილება, - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.
"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყება, რომლის წარმატებაზეც საუბრობენ ნატო-ს გენერალური მდივანი, ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი თანამდებობის პირები და ევროპელი კოლეგები. ამდენად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გაირკვეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გაირკვევა. თავდაცვის სამინისტრომ გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა, უწყების ხელმძღვანელობა თავდებში უდგება მის თანამშრომლებს. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს ეს ამბავი, დადებითად გადავწყვეტდი, თუმცა ბუნებრივია, ეს არის სასამართლოს პრეროგატივა", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა. მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.
მასალის გამოყენების პირობები