დღეს, 30 ოქტომბერს, 20:00 საათზე - თურქეთის კულტურის დღეების ფარგლებში, „ივენთ ჰოლში" (ფილარმონია) ჯაზის ახალგაზრდა შემსრულებელი ბილალ ქარამანი კვარტეტთან ერთად კონცერტს გამართავს. ბილალ ქარამანი ამერიკის გიტარის ასოციაციის მიერ ჯაზის გიტარისტებს შორის ყველაზე პერსპექტიულ შემსრულებელად არის დასახელებული.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თურქეთის კულტურის დღეები 20 ოქტომბრიდან იმართება და 20 ნოემბრამდე გასტანს. კულტურის დღეების ორგანიზატორები არიან თურქეთის რესპუბლიკის საელჩო და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის თბილისის თურქული კულტურის ცენტრი. თურქეთის კულტურის დღეების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება:
7 ნოემბერს, 18:00 საათზე - ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (რუსთაველის პრ.#2) მოეწყობა ცნობილი თურქი მხატვრის დევრიმ ერბილის ნახატების გამოფენა თემაზე: „სტამბოლი და პოეტური აბსტრაქციები" - ექსპოზიცია 21 ნოემბრამდე გაგრძელდება.
14 ნოემბერს, 19:00 საათზე - ალ. გრიბოედოვის სახელობის თეატრში (რუსთაველის პრ.#2) გაიმართება დერვიშების წარმოდგენა, რომელსაც წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი სტამბოლის ისტორიული თურქული მუსიკის ანსამბლი.
20 ნოემბერს, 19.00 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში (გრიბოედოვის ქ. 8), თურქეთის კულტურის დღეებს დაასრულებს ცნობილი თურქი დირიჟორის ემრე არაჯის კლასიკური მუსიკის კონცერტი თემაზე: „ევროპული მუსიკა ოსმალურ პერიოდში", ნიკოლოზ რაჭველის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის შესრულებით.
ღონისძიებების მიზანია თურქ და ქართველ ხალხებს შორის კულტურის სფეროში კავშირების განმტკიცება და თურქული კულტურის სხვადასხვა დარგების ქართველი ხალხისათვის გაცნობა.