რუსეთის ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის ფედერალურ ოპერატიულ შტაბში დაადასტურეს, რომ მოსკოვის მეტროსადგურ "ლუბიანკაზე" თავი დაღესტნის მაცხოვრებელმა 28 წლის მარიამ შარიპოვამ აიფეთქა. "არსებული ინფორმაციით მარიამ შარიპოვა დაღესტნის ტერიტორიაზე მოქმედი ბანდფორმირების მეთაურის მაგომედალი ვაგოპოვის მეუღლეა", _ აცხადებენ ოპერატიულ შტაბში.
გასული კვირის დასაწყისში ასევე გახდა ცნობილი, რომ მოსკოვის მეტროსადგურ "პარკ კულტურიზე" თავი ჯენეტ აბდურახმანოვამ (აბდულაევამ) აიფეთქა. ჯენეტ აბდურახმანოვა 1992 წელსაა დაბადებული და ისიც დაღესტნის მაცხოვრებელია.
მარიამ შარიპოვა მამამ ამოიცნო, რომელიც აცხადებს, რომ თავისი ქალიშვილი საქციელს ვერავითარ ახსნას ვერ უძებნის.
"იგი ჩვეულებრივი გოგოსავით იზრდებოდა და არავითარ რადიკალიზმს არ ავლენდა. როდესაც დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ იგი მაგომედალი ვაგოპოვს გაყვა ცოლად, მე მას ამის შესახებ ვკითხე, თუმცა ჩემმა ქალიშვილმა ყოველივე უარყო", _ აცხადებს მარიამ შარიპოვას მამა.
მისივე თქმით, ბოლოს მან ქალიშვილი 26 მარტს საღამოს ნახა. (მოსკოვის მეტროში აფეთქება 29 მარტს მოხდა). დილით მარიამ შარიპოვას მამა დაღესტანში გაემგზავრა სადაც მარიამი 28 მარტს დედასთან ერთად ბაზარში ჩავიდა. დღე მარიამს უთქვამს, რომ მეგობრის მოსანახულებლად უნდა წასულიყო. რამდენიმე საათის შემდეგ კი მარიამმა დედას დაურეკა, უთხრა, რომ კარგადაა და სახლში თავად დაბრუნდება. მას შემდეგ მშობლებს იგი არ უნახავთ.
მარიამ შარიპოვა პედაგოგების ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. მისი მშობლები მასწავლებლები არიან. სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღო ორი უმაღლესი განათლება _ მათემატიკური და ფსიქოლოგიური. უმაღლესი სასწავლებელი წითელ დიპლომზე დაამთავრა და სამი სამეცნიერო შრომის თანაავტორიც იყო. უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ მშობლიურ სკოლაში დაბრუნდა და მუშაობა ინფორმატიკის პედაგოგად დაიწყო.