,,ნაცმოძრაობა" პრემიერ-მინისტრის შეფასებას 15 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ეხმიანება და და აცხადებენ, რომ ისინი არანაირ პროვოკაციას არ გეგმავენ. როგორც საკითხის კომენტირებისას საპარლამნეტო უმცირესობის წევრმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა ადამიანებმა თავისუფლად უნდა გამოხატონ პროტესტი მთავრობის უუნარობის მიმართ.
,, აქციაზე იქნება ძალიან ბევრი ადამიანი და მთავრობას ამ თემით სპეკულირებას და არც აქციების დაგეგმვას არ ვურჩევ. ვურჩევ იყვნენ მშვიდად წყნარად და მისცენ ადამიანებს უფლება და თავისუფლება მშვიდად გამოხატონ თავისი აზრი, პროტესტი ამ მთავრობის უქნარობის, უნიათობის, უსაქმურობის წინააღმდეგ", -განაცხადა გაბაშვილმა.
მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი ,,ნაციონალების" მიერ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ იგი პროვოკაციების განსახორციელებლად სჭირდებათ.
პრემიერის განმარტებით, ,,ნაციონალები" აპირებენ, რომ გაჭირვებული მოქალაქეები რეგიონებიდან და სოფლებიდან ჩამოიყვანონ, 15-15 ლარი გადაუხადონ.
"არ მინდა, მოღალატეების მიერ დაანონსებულ აქციაზე კომენტარი გავაკეთო, მაგრამ ზოგადად, ნოემბერი არის მათვის ჩვეული თვე, ყველას გახსოვთ, 7 ნოემბერს როგორ ბრუტალურად დაარბიეს მშვიდობიანი მოსახლეობა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი გეგმავენ პროვოკაციებს. რეალურად მათ რომ აფხაზეთზე, ჩვენს მოსახლეობასა და ქვეყანაზე გული არ შესტკივათ, ეს ახალი ამბავი არ არის. ყველამ კარგად იცის, რომ მათი დამსახურებაა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი, ქვეყნის ტერიტორიის 20% დღეს ოკუპირებულია რუსეთის მიერ, დავკარგეთ კოდორი, 100-ზე მეტი სოფელი და მათი პოლიტიკის შედეგად მივიღეთ 25 ათასი დევნილი. მათ აქცია საკუთარ თავს უნდა მოუწყონ. გავრცელებული ინფორმაციით, დაანონსებული აქცია მათ პროვოკაციების განსახორციელებლად სჭირდებათ, აპირებენ, რომ გაჭირვებული მოქალაქეები რეგიონებიდან და სოფლებიდან ჩამოიყვანონ, 15-15 ლარი გადაუხადონ და შემდეგ ერთმანეთი აცემინონ. ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" და მე მათზე დროის დახარჯვა არ მინდა",-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
15 ნოემბერს, ,,ნაცმოძრაობა" საპროტესტო აქციას გამართავს. როგორც პარტიის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ,,ნაცმოძრაობის" წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადადა აქცია რუსთაველის გამზირზე გაიმართება.ჯაფარიძემ საზოგადოებასა და ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა შეუერთდნენ აქციას.
,,ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ ძალას და თითოეულ ადამიანს, შემოუერთდნენ ამ აქციას და ვაცხადებთ მზადყოფნას დავიწყოთ კონსულტაციები 15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებთ. ჩვენ არასდროს შევეგუებით აფხაზეთის ანექსიას", _განაცხადა ჯაფარიძემ.