"ჩვენი ხელისუფლება იმედით შეჰყურებს აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის გაგრძელებას ბევრ სხვა ინიციატივასთან დაკავშირებით", - აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის „საქართველო - რეგიონალური ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის" - გახსნისას გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მიღწევებზეც ისაიბრა და განაცხადა, რომ "საქართველო სულ სხვაა იმასთან შედარებით, რაც ოცი წლის წინ იყო".
"ქვეყანაში მიღწეულია უზარმაზარი წინსვლა ყველა სფეროში - დაწყებული ჯანდაცვითა და განათლებით, დამთავრებული პოლიტიკური სტაბილურობითა და ეროვნული უსაფრთხოებით, განსაკუთრებით კი - ეკონომიკის განვითარებით, რასაც ეძღვნება დღევანდელი ფორუმი.
დღეს საქართველო კონცენტრირებულია თავისი, როგორც რეგიონალური ცენტრის, როლის განმტკიცებაზე. ჩვენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს როგორც ჩვენს უშუალო, ისე ახლო მეზობლებთან ურთიერთობების გასაღრმავებლად. როგორც იცით, საქართველოს აქვს სტრატეგიულად ხელსაყრელი მდებარეობა ევროპას, აზიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის. ჩვენ ვართ საკვანძო პლატფორმა აბრეშუმის გზისა და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდის აღსადგენად",- აღნიშნა ღარიბაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერაა ორგანიზებული. ფორუმში მონაწილეობას იღებს 300-მდე დელეგატი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.